საზოგადოების რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის, პოლიტიკურ სუბიექტთა ურთიერთობების ისეთი გარდაქმნა, რომელიც ხორციელდება მოცემული სისტემის ფარგლებში. პოლიტიკური რ. შეიძლება ინიცირებული იყოს გარკვეული ჯგუფების ან პოლიტიკური პარტიების, გნებავთ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ფენების მოთხოვნებით, მაგრამ რ. ყველა შემთხვევაში წარიმართება სახელმწიფო ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. სხვადასხვა პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა სოციალური და პოლიტიკური ხასიათის ლიბერალურ–დემოკრატიული რ–ები. სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების აქტუალობა რ-ის წარმატებული განხორციელების გარანტია არ არის. როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მაგალითი გვიჩვენებს, არსებობს პოლიტიკური სისტემები, რომლებიც რეფორმირებას არ ექვემდებარება. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ბუნებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც ვერც იდეოლოგიურ, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რ-ებს ვერ ეგუებოდა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი