სპეციალური საზოგადოებრივი მეცნიერება პოლიტიკის, პოლიტიკური მოვლენების, ურთიერთობების და პროცესების, პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელების კანონზომიერების, გზების, ფორმების, ორგანიზების, ფუნქციონირებისა და განვითარების შესახებ. დამოუკიდებელ მეცნიერებად პ. საბოლოოდ XX ს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. პ-ის განსაზღვრის სირთულეა პოლიტიკის როგორც მეცნიერების, ან მეცნიერებების ობიექტის განსაზღვრის სირთულე, რადგან პოლიტიკა თავისთავად მეტად ფართო, თითქმის უნივერსალური და რთული მოვლენაა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აღწევს და ბევრი მეცნიერების მიერ შეისწავლება (პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური კულტუროლოგია, პოლიტიკური გეოგრფია და სხვ.). აღნიშნულის გამო აუცილებელი ხდება პ-ის განსაზღვრა ფართო და შედარებით უფრო ვიწრო მნიშვნელობით. პირველ შემთხვევაში - ეს არის სხვადასხვა სახის, მასშტაბისა და დონის ცოდნა პოლიტიკისა და პოლიტიკურის, მათი ყოველნაირი გამოვლინების შესახებ, რომელიც თავისებურ მეტამეცნიერებას წარმოადგენს პოლიტიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების შესახებ. მეორე შემთხვევაში გამოყოფენ განსაკუთრებულ, სპეციალურ (კერძო) მეცნიერებას, რომელიც პირდაპირ მოწოდბულია გამოიკვლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკური სფერო და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები, ურთიერთობები, პროცესები, სისტემები და მათი განვითარების კანონზომიერებები. პ. შეისწავლის პოლიტიკურ შეხედულებებსა და თეორიებს, ინტერესებსა და ძალებს, ინსტიტუტებს (სახელმწიფო, ხელისუფლება, სამართალი და სხვ.), ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს (პარტიები, ბლოკები და სხვ.), პოლიტიკურ სისტემებსა და პოლიტიკურ კულტურას და ა.შ. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების მსგავსად პ. ნაირგვარ ფუნქციას ასრულებს: თეორიულ-შემეცნებითს, მსოფლმხედველობითს, პრაქტიკულ-გამოყენებითს, იდეურ-აღმზრდელობითს, პროგრესულსა და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი პოლიტიკური თეორიის მეცნიერული საფუძვლების შემუშავებისა და მისი პოლიტიკურ პრაქტიკაში რეალიზებისას. პ-მ ოფიციალური აღიარება სსრკ-ში და შესაბამისად, საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში ჰპოვა. უმაღლეს სასწავლებლებში შემოღებულ იქნა სასწავლო კურსი პ-ში.
პოლიტოლოგია
Politology
კატეგორია: