პატრიარქატი აღნიშნავს სოციალურ სისტემას, რომელშიც მამაკაცურობა პრივილეგირებულია და მამას უპირობო ძალაუფლება და ავტორიტეტი აქვს. ტრადიციულ საზოგადოებებში, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაფართოებული ოჯახი, პატრიარქი არის უფროსი მამაკაცი, მამა, რომელსაც ოჯახის სხვა მამაკაცებზე და ქალებზე უფრო მეტი ავტორიტეტი და ძალაუფლება აქვს. ფემინისტებმა ეს ტერმინი გამოიყენეს, რათა აღენიშნათ მამაკაცების დომინანტურობა როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში. მაგალითად, ოჯახში მამაკაცი-პატრიარქი აკონტროლებს ქალის სექსუალობას, შრომას, წარმოებას, რეპროდუქციას და გადაადგილებას. პატრიარქატისთვის დამახასიათებელია ღირებულებითი და ძალაუფლებრივი იერარქიები, რომლებშიც მამაკაცი დომინირებს. ეს ვლინდება სხვადასხვა ფორმით: ქალს ენიჭება ნაკლები ღირებულება, ის კონტროლის, ექსპლუატაციისა და ძალადობის ობიექტია.
პატრიარქატის, როგორც საზოგადოებრივი სისტემის, გააზრება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავირიდოთ ბიოლოგიური დეტერმინიზმი. კონელს შემოაქვს „პატრიარქალური დივიდენდის“ ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი შეიძლება პირადად არ იყოს ქალების მჩაგვრელი და არ ახორციელებდეს აგრესიას, მაგრამ როგორც მამაკაცი სარგებლობს პატრიარქატის პრივილეგიით. პატრიარქატის ნაცვლად ზოგჯერ იყენებენ ტერმინს „ჰეგემონური მასკულინობა“. ის მიუთითებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში მამაკაცების უპირატესობაზე; აგრეთვე, იმაზე, რომ მამაკაცებისთვისაც სავალდებულოა მასკულინობის კონკრეტული, პატრიარქალური ნორმა, რომლის ვერშესრულების ან დარღვევისთვისაც მამაკაცებიც ისჯებიან.
***
გამოყენებული ლიტერატურა: