ერთნაირად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და მიზნად ისახავს ამ ინტერესების რეალიზაციას სახელმწიფო მმართველობის დაუფლების ან მასში მონაწილეობის გზით. პირველი პოლიტიკურ პ–ის ჩანასახებს ჯერ კიდევ მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში ვხვდებით. ჯგუფად გაერთიანებული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ხელისუფლებისათვის ან მათზე ზეგავლენისათვის იბრძოდნენ. ასეთი დაჯგუფებების ტიპურ წარმომადგენლებად შეიძლება ვიგები და ტორები ჩაითვალონ, რომლებიც ინგლისში XVII ს–ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდნენ. პირველ პ–ად 1877 წელს ინგლისში შექმნილი ლიბერალური პ. ითვლება. პ–ის კლასიფიკაციის საფუძვლად სხვადასხვა კრიტერიუმებია მიღებული: სოციალური, იდეოლოგიური, ორგანიზაციის პრინციპი და სხვ. სოციალური პრინციპით შექმნილ პ–ებს მიეკუთვნება პარტიები, რომლებიც სხვადასხვა კლასების (მუშათა, ბურჟუაზიული, გლეხთა და სხვ.) ან სოციალური ფენების (ინტელიგენციის, წვრილი ბურჟუაზიის და სხვ.) ინტერესებს გამოხატავენ. იდეოლოგიური ანუ მსოფლმხედველობითი ნიშნის მიხედვით შექმნილი პ–ები თავის მუშაობაში იდეოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ორგანიზაციის ნიშნით შექმნილ პარტიებად თვლიან საკადრო, მასობრივ პ–ებს ან ისეთ პ–ებს, სადაც არ არის ოფიციალური წევრობის ინსტიტუტი და წევრობა მხოლოდ მისი კანდიდატისათვის ხმის მიცემით განისაზღვრება. პ–ები ერთმანეთისაგან სახელმწიფოებრივ ხელისუფლებაში დაკავებული ადგილითაც განსხვავდებიან. განასხვავებენ ლეგალურ და არალეგალურ, მმართველ და ოპოზიციურ, მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტულ პ–ებს. პ–ები პარტიულ სისტემას ქმნიან.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი