„ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ (1884) ფრიდრიხ ენგელსის შრომაა და აღიარებულია პირველ ფუნდამენტურ გამოკვლევად, რომელშიც ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი გავრცელებულია ოჯახის სფეროზეც, ოჯახი გაგებულია, როგორც ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი და, შესაბამისად, პატრიარქატი და ქალთა ჩაგვრაც პოლიტეკონომიკის ჭრილშია გაანალიზებული.
ენგელსი, ანთროპლოგ ლუის მორგანის შრომებზე დაყრდნობით, მიმოიხილავს სექსუალური და რეპროდუქციული პრაქტიკების ისტორიულ მრავალფეროვნებას და ავითარებს ისტორიულ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით ჰეტეროსექსუალ წყვილზე დაფუძნებული ოჯახის წარმოშობა განაპირობა კერძო საკუთრებისა და მონობის აღმოცენებამ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებულ ნუკლეარულ ოჯახს ენგელსი ხედავს, როგორც უფრო ფართო სოციალური სტრუქტურის ანარეკლს, სადაც ქმარს ბურჟუას როლი აქვს, ხოლო ცოლს – პროლეტარის. მისი მოსაზრებით, ქალებმა უარი უნდა თქვან კერძო სივრცით შემოფარგვლაზე და საჯარო სივრცეში უნდა ჩაერთონ, ხოლო საოოჯახო შრომა და ბავშვზე ზრუნვა საჯარო, კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. ენგელსის და, ზოგადად, მარქსისტული თეორიის მიხედვით, ქალები კაპიტალისტურ სისტემაში იმიტომ იჩაგრებიან, რომ შრომა დანაწილებულია სქესის მიხედვით, რაც, თავის მხრივ, კაცების ინტერესებს ემსახურება. ქალები პასუხისმგებელნი არიან ბავშვების აღზრდაზე, სადილის მომზადებაზე, საოჯახო საქმეებსა და ავადმყოფთა მოვლაზე, მაშინ, როდესაც კაცი ანაზღაურებად სამსახურშია და თავისუფალია, რომ თავი მიუძღვნას საკუთარ საქმიანობას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Edited by Lorraine Code, ENCYCLOPEDIA OF FEMINIST THEORIES, 2000
Fedwa Malti-Douglas, Encyclopedia of Sex and Gender