საბჭოთა პოლიტიკურ ლიტერატურაში გავრცელებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა მუშათა მოძრაობის პოლიტიკური და იდეოლოგიური ლიდერების შემგუებლობას ბურჟუაზიის, ბურჟუაზიული იდეოლოგიის მიმართ. საბჭოთა იდეოლოგია ოპორტუნისტულ გარიგებას კლასობრივ მტრებთან განასხვავებდა ტაქტიკური კომპრომისებისაგან, რომლებიც შეიძლება საჭირო გამხდარიყო პოლიტიკური ბრძოლის მსვლელობისას. კომპარტიის თეორეტიკოსები გამოყოფდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც საშუალებას იძლეოდა გამიჯნულიყო ოპორტუნისტურლი და ტაქტიკურ–დროებითი შეთანხმება ბურჟუაზიასთან. კერძოდ, ო. ცდილობდა საბოლოო ჯამში მუშათა მოძრაობა დაეყვანა კერძო მოთხოვნების რეალიზაციასა ან ცალკეულ რეფორმებზე და თავს არიდებდა მუშათა მოძრაობის ძირითადი მიზნისაკენ, პროლეტარიატის დიქტატურისაკენ წაყვანას. ამგვარი კრიტერიუმების არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში სავსებით შესაძლებელი იყო ოპორტუნისტის იარლიყი მიეწებებინათ შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში ნებისნიერი დამარცხებული თანაპარტიელისათვის.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი