მონიკ ვიტიგი (1935-2003) ფრანგი მწერალი და ლესბოსური ფემინიზმის თეორეტიკოსი იყო, რომელიც თავს „რადიკალ ლესბოსელადაც“ მოიხსენიებდა. ვიტიგის შემოქმედების მთავარი ფოკუსი იყო ჰეტერონორმატიულობის, კონსტრუირებული გენდერული როლებისა და ენაში პატრიარქალური გამოვლინებების კრიტიკა. მისი ყველაზე ცნობილი მხატვრული ნაწარმოებია „პარტიზანი ქალები“ (Les Guérillères), რომელიც მან აშშ-ში გამგზავრებამდე, 1969 წელს, საფრანგეთში დაწერა და რომელიც გამოირჩევა, როგორც წერის სტილით, ისე იმ რადიკალური რევოლუციური აზრებით, რომლებსაც ავტორი მასში გამოთქვამს.
ვიტიგი თავის თეორიულ ნაწარმოებებში გამოკვეთს საზოგადოების ჰეტერონორმატიულ ხასიათს, ხაზს უსვამს ჰეტეროსექსუალობის დომინანტურობას ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა სოციალური მეცნიერებები, პოლიტიკა, ფსიქოანალიზი და სხვ. შესაბამისად, ვიტიგის აზრით, ამ სფეროებში შექმნილი ცოდნა მჩაგვრელია ქალების, ლესბოსელებისა და ჰომოსექსუალი მამაკაცების მიმართ; მათ ერთმევათ ლაპარაკის საშუალება და ჰეტეროსექსუალობის დისკურსების ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა პრიმიტიულ დამოკიდებულებად აღიქმება.
ვიტიგის აზრით, „ქალის“ კატეგორია მხოლოდ „კაცის“ კატეგორიასთან მიმართებაში არსებობს და ამ უკანასკნელის გაქრობის შემთხვევევაში კატეგორია „ქალიც“ აღარ იარსებებს. ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ ლესბოსელები ქალები არ არიან, რადგან ლესბოსელობა ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ქალად ყოფნის ჰეტეროსექსუალურ ნორმას, რომელიც კაცების მიერაა შექმნილი და მათივე საჭიროებებზეა მორგებული. შესაბამისად, ლესბოსელობას, ვიტიგის აზრით, ნამდვილი რევოლუციური პოტენციალი აქვს, ქალად ყოფნის ჰეტერონორმატიული კატეგორიისაგან განსხვავებით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Wittig, M. (1992). Straight Mind and Other Essays, Boston,Massachusetts: Beacon Press.
Kirkup, J., (2003). Monique Wittig: Radical lesbian writer who promoted liberation from sexual definitions. The Independent. Available at: http://www.independent.co.uk/news/obituaries/monique-wittig-123410.html