ფეხმძიმობის, მშობიარობისა და ა. შ. მედიკალიზაცია გულისხმობს ფეხმძიმობისა და მშობიარობის პროცესებში მედიცინის პროფესიონალთა და სამედიცინო ტექნოლოგიების მზარდ ჩარევას, მათ ქცევას დაკვირვებისა და ზედამხედველობის, სამეცნიერო ინტერესის საგნად. ეს გულისხმობს ფეხმძიმე ქალის მუდმივ კონტაქტს კლინიკებსა თუ ჰოსპიტლებთან, მის ქცევას პაციენტად, ექიმების უპირობო ავტორიტეტს მის სხეულში მიმდინარე პროცესის დინამიკაზე. მედიკალიზაციის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ის არ შემოიფარგლება მედიცინით, მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტორებზე პასუხისმგებელი დარგის აზრით, არამედ უფრო ფართო სოციალური და ინსტიტუციური პროცესია.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობისა და მშობიარობის მედიკალიზაციას უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისთვის, ის მრავალ ეთიკურ საკითხთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი მათგანია ტენდენცია, ფეხმძიმობა და მშობიარობა წარმოჩნდეს დიდ რისკთან დაკავშირებულ და პათოლოგიურ პროცესებად, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს უამრავი ექიმისა თუ პროფესიონალის ზედამხედვლობას და დახმარებას. ამის თანმხლები მოვლენაა ის, რომ ფეხმძიმობისა და მშობიარობის პროცესში პროფესიონალების როლის ზრდასთან ერთად მცირდება ქალის ავტორიტეტი და როლი საკუთარი სხეულის პროცესებთან მიმართებაში, ის პასიურ პაციენტად მოიაზრება, ის გაუცხოებულია საკუთარ სხეულთან და ნაყოფთან, მისი სხეულებრივი გამოცდილება გაშუალებულია სამედიცინო ტექნოლოგიითა და ცოდნით, მეტიც, ხდება ქალისა და ნაყოფის ინტერესების გამიჯვნა და ერთმანეთთან დაპირისპირება. ბევრი თეორეტიკოსი ამტკიცებს, რომ მედიკალიზაციამ ფეხმძიმობა და მშობიარობა უფრო სტრესული გახადა ქალებისთვის, რადგან მათ სხეულსა და ქცევაზე მუდმივი ზედამხედველობა გამოიწვია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Kukla, Rebecca and Wayne, Katherine, "Pregnancy, Birth, and Medicine", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Fall 2015 Edition). Available at: http://plato.stanford.edu/entries/ethics-pregnancy/