ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სახელმწიფოს მონაწილეობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამგვარ ეკონომიკაში მოთხოვნილება საქონელზე, ფასწარმოქმნა და ა.შ. განპირობებულია ბაზრის სტიქიის პრინციპებით. ს. ე., რომელიც ლიბერალიზმის იდეოლოგიას ერგება, უპირისპირდება სახელმწიფოს მიერ რეგულირებად, ცენტრალიზებულ დაგეგმარებაზე დამყარებულ ეკონომიკურ სისტემებს, რომელთა ტიპურ ნიმუშებსაც კომუნისტური რეჟიმების ქვეყნების ეკონომიკა წარმოადგენდა. ს. ე-ის, როგორც ეკონომიკური ლიბერალიზმის გამოხატულების თეორიული პრინციპები პირველად შოტლანდიელმა ეკონომისტმა ადამ სმიტმა დაამუშავა. ამგვარი ეკონომიკური სისტემის ძირითად მექანიზმს სმიტი „უჩინარ ხელს“ (invisible hand) უწოდებდა. იმავე მექანიზმის აღსანიშნავად ლიტერატურაში ზოგჯერ შეიძლება ფრანგული გამოთქმა laissez faire შეგვხვდეს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი