სამართლებრივი სახელმწიფო

Legal State

დემოკატიული სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის სახეობა, რომელიც კანონის სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ბუნებრივ, განუყოფელ, ადამიანისა და ხალხების საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას ემყარება. ს. ს. დემოკრატიული და ჰუმანური სამართლებრივი ნორმებით თვითშეზღუდული სახელმწიფოა. შეუთავსებელია მისი არსებობა უსამართლობასთან, თვითნებურ მმართველობასა და დიქტატურასთან, პოლიტიკაში სუბიექტივიზმსა და თვითნებობასთან, რაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი დანაშაულებრიობის თარეშთან და კორუფციასთან, ფარულ პოლიტიკურ ინტრიგებსა და კლანურობასთან და სხვ. ასეთი სახელმწიფოს სოციალურ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს, რომლის ცნობის გარეშე არც სახელმწიფო და არც კანონი ლიგიტიმურად არ ითვლება. სწორედ სახელმწიფო და სამართლებრივი ნორმების ლეგიტიმურობა იძლევა სამოქალაქო საზოგადოებაში კანონიერებისა და სამართალწესრიგის დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას. ს. ს.–ს კონცეფცია სახელმწიფოსა და საზოგადოების გაუცხოებისა და მათი ურთიერთდაპირისპირების წინააღმდეგ გამოდის, ამასთან ერთად, სამართლებრივ საფუძველზე მათი ჰარმონიური ურთიერთობის აუცილებლობას აღიარებს. ს. ს.–ს უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ხელისფლების სამი ძირითადი რგოლის – წარმომადგენლობითის (საკანონმდებლო) აღმასრულებისა და სასამართლოს რეალური დანაწილება, ურთიერთქმედება და ურთიერთკონტროლი სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლით, რომელიც კანონიერებისა და კანონის დაცვის გარანტად გამოდის.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: