ირონიული სექსიზმი

Ironic Sexism

ირონიული სექსიზმი (ასევე ცნობილია, როგორც ჰიპსტერული სექსიზმი ან ლიბერალური სექსიზმი) განისაზღვრება, როგორც „ქალების ობიექტივაცია დაცინვის, ფრაზების ბრჭყალებში ჩასმისა და პარადოქსების გამოყენებით“. როგორც წესი, ირონიული სექსიზმი გამოიყენება მათ მიერ, ვინც ფლობს ინფორმაციას სექსიზმის შესახებ და გააზრებულად იყენებს მას, როგორც ხუმრობას ან დაცინვის ფორმას.

ირონიული სექსიზმი ემყარება  მოსაზრებას, რომ სექსიზმი უკვე მოძველებულია და ადამიანები აღარ მიმართავენ გამოხატვის სექსისტურ ფორმებს, შესაბამისად, სექსისტური გამონათქვამები და ქმედებები ირონიის ან სატირის ფორმას იღებს. ეს ჟესტი, რომლითაც სექსიზმი ირონიულ ჩარჩოში თავსდება, სუბიექტის დისტანცირებას ახდენს მისი ქმედებისა თუ სიტყვისაგან - თითქოს ქალების შესახებ არსებული შეურაცხმყოფელი ტექსტებისა და პრაქტიკების ციტირება და გამეორება თვითონ მისი სექსიზმის გამოხატულება არ არის; ის, რომ ადამიანი აცნობიერებს საკუთარი ქმედების პრობლემურობას და არაეთიკურობას, მას თითქოს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ფილოსოფოსმა პიტერ სლოტერდაიკმა მსჯელობის ასეთ ფორმას „ცინიკური“ უწოდა, რაც, მისივე სიტყვებით, შემდეგი ფორმულით შეიძლება გამოიხატოს: „მათ იციან, რასაც აკეთებენ, მაგრამ მაინც აკეთებენ“. ირონიულ სექსიზმს განასხვავებენ „კლასიკური სექსიზმისგან“, რომლის შემთხვევაშიც პირი არაეთიკურ ქცევას მისი არაეთიკურობის გაცნობიერების გარეშე ახორციელებს.

კრიტიკოსების თანახმად, ირონიული სექსიზმი სხვა არაფერია, თუ არა სექსიზმის მისაღებად ქცევისა და ლეგიტიმაციის ხერხი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Cynicism as a Form of Ideology, Slavoj Zizek; The Age of Hipster Sexism, Alissa Quart.

Wallace, Kelsey (November 1, 2012). ""Hipster Sexism": Just as Bad as Regular Old Sexism, or Worse?" https://bitchmedia.org/post/hipster-sexism-is-sexist-feminist-magazine-irony-culture-racism-sexism

Quart, Alissa (October 30, 2012). "The Age of Hipster Sexism" http://nymag.com/thecut/2012/10/age-of-hipster-sexism.html#

Wakeman, Jessica. "Soapbox: Please, Can "Hipster Sexism" Not Be A Thing?" http://www.thefrisky.com/2012-10-31/the-soapbox-please-can-hipster-sexism-not-be-a-thing/

კატეგორია: 
ავტორები: