ქალთა საერთაშორისო დღე (8 მარტი) არის დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება ქალთა ბრძოლა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების მოსაპოვებლად. ამ დღის დაარსება უკავშირდება მუშა ქალების ბრძოლას შრომითი უფლებებისათვის. 1909 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად აღნიშნეს ქალთა ეროვნული დღე. 1910 წელს კი კლარა ცეტკინის ინიციატივით სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე კოპენჰაგენში დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. 1911 წელს ქალთა საერთაშორისო დღეს მილიონზე მეტი ქალი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. 1911 წლის 25 მარტს ნიუ-იორკის საფეიქრო ქარხანაში მომხდარმა ხანძარმა 140 მუშა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ფაქტმა წინ წამოსწია ისეთი საკითხები, როგორიცაა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება. 1913-1914 წლებში ქალთა საერთაშორისო დღე ომის წინააღმდეგ კამპანიას მიეძღვნა. 1922 წელს ქალთა საერთაშორისო დღე გამოცხადდა ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ საბჭოთა კავშირში. 1975 წელს, ქალთა საერთაშორისო წელს, გაერომ დღესასწაულად გამოაცხადა ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც ქალთა საკითხსა და უფლებებს ეძღვნება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.