გლორია ანზალდუა (1942-2004) იყო ცნობილი ჩიკანა ფემინისტი მკვლევარი, პოეტი და ლგბტ უფლებების აქტივისტი. ის ცნობილია ნაშრომებით რასის, კლასის, გენდერისა და სექსუალობის ინტერსექციურობაზე. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია „საზღვრები: ახალი მესტიცა“ (Borderlands/La Frontera: The New Mestiza, 1987), სადაც მან გამოიყენა პოზიციის (standpoint) თეორია, რათა წარმოეჩინა ფერადკანიანთა, კონკრეტულად, მექსიკელი ქალების კომპლექსური რეალობა, ეჩვენებინა, რომ ისინი რამდენიმე სამყაროში ერთად ცხოვრობენ. ანზალდუა პოეზიას და წერის არაკონვენციურ სტილს იყენებს. „საზღვრები“ მისთვის მეტაფორული და გეოგრაფიული სივრცეებია, სადაც სხვადასხვა ერის კულტურები ერთმანეთს ერწყმის. ანზალდუას აზრით, კულტურული წარმოდგენები და წესები კაცების მიერ და კაცებისთვის იქმნება, თუმცა ქალები არიან ისინი, ვინც ამ წარმოდგენებს მომავალ თაობებს გადასცემენ და ჩაუნერგავენ. ანზალდუა ფიქრობს, რომ ამ წესების დაუმორჩილებლობაა ჯანყის უკიდურესი ფორმაა მექსიკაში. გლორია ანზალდუას მნიშვნელოვანი წვლილი ჩიკანა ფემინისტურ თეორიაში არის მესტიცას (mestiza) ცნობიერების ცნება. მესტიცას (ასე უწოდებენ ლათინურ ამერიკაში რასობრივად ან ეთნიკურად შერეულ ქალებს) ცნობიერება, ანზალდუას თანახმად, მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის და ის მოქნილი უნდა იყოს. ის სწავლობს, როგორი უნდა იყოს ინდიელი მექსიკურ კულტურაში და მექსიკელი ანგლოსაქსურ კულტურაში; სწავლობს ამ კულტურების ბალანსირებას და მოქმედებს პლურალისტურ განზომილებაში. მესტიცას ცნობიერებას შეუძლია შეითავსოს ამ კულტურებისთვის დამახასიათებელი არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსები.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Anzaldua, G. (1987). Borderlands/La Frontera: The New Mestiza. San Francisco: Aunt Lute Books.