შრომის გენდერული დანაწილება აღნიშნავს ადამიანებს შორის შრომის დანაწილებას მათი გენდერული კუთვნილების მიხედვით. ხშირად შრომის გენდერულ დანაწილებას შრომის სქესობრივ დანაწილებასაც უწოდებენ, რადგან ზოგიერთი მკვლევარი ამ დაყოფის სათავეებს ქალისა და კაცის ბიოლოგიურ მახასიათებლებს, უპირველეს ყოვლისა, ქალის რეპროდუქციულ უნარს უკავშირებს, რაც, მათი აზრით, ამ დაყოფის წარმოშობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო. თუმცა ამ მოსაზრების საპირისპიროდ ზოგიერთი ფემინისტი ანთროპოლოგი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შრომის სქესობრივი დაყოფის ესა თუ ის ფორმა დაკვირვებადია ჩვენთვის ცნობილი საზოგადოებების უდიდეს ნაწილში, ეს პირდაპირ არ მიუთითებს ამ დაყოფათა იერარქიულობაზე, რადგან ყოველი კულტურა საკუთარ მნიშვნელობას და ღირებულებას ანიჭებს ამა თუ იმ საქმიანობას სხვადასხვა დროსა და ადგილზე. აქედან გამომდინარე, ფემინისტურმა ანთროპოლოგიამ ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთი უნივერსალისტური მტკიცება იმის შესახებ, რომ შრომის სქესზე დაფუძნებული დანაწილება ყველა კულტურაში (ა) აუცილებლად იმეორებს დასავლური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ გენდერულ როლებს და (ბ) ამ როლებს შორის აუცილებლად მასკულინურია დომინანტური.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Myths Of Gender: Biological Theories About Women And Men, Anne Fausto-Sterling, Basic Books, 1992
50 Key Concepts in Gender Studies, Jane Pilcher & Imelda Whelehan, SAGE Publications, 2004