ფემიციდი (femicide) ან ფემინიციდი ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ეს ტერმინი აღნიშნავს ქალებისა და გოგონების მკვლელობას (femi - ქალი, cide - კვლა). ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან. ფემიციდის შემთხვევების დიდი ნაწილი ქალების ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორების მიერ არის ჩადენილი და ხანგრძლივი ძალადობისა და ზეწოლის შედეგია. შეიძლება, განვასხვაოთ ფემიციდის შემდეგი ფორმები:
(ა) ინტიმური ფემიციდი, ანუ ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი მკვლელობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მოკლული ქალების 35% ინტიმური ფემიციდის მსხვერპლია.
(ბ) „ღირსების“ მკვლელობას (Honour Killing) სჩადის ოჯახის წევრი მამაკაცი ოჯახის რეპუტაციის ანუ „ღირსების“, შესანარჩუნებლად. მკვლელობის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის მიერ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის დამყარება, ქალის ქცევასთან დაკავშირებული გაბატონებული ნორმების დარღვევა, ცოლქმრული ღალატი, ქორწინების გარშე ორსულობა და ა.შ. „ღირსების“ მკვლელობებს მიმართავენ ხოლმე ინცესტის შემთხვევების მისაჩქმალადაც. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5000 „ღირსების“ მკვლელობა ხდება. ფემიციდის ეს ფორმა განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაშია გავრცელებული.
(გ) მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ფემიციდის ამ ფორმას სიძის მშობლები სჩადიან და მისი მიზეზია პატარძლის მშობლების მიერ მიცემული მზითვით უკმაყოფილება.
(დ) არაინტიმურია ფემიციდი, როცა მკვლელი არ არის მსხვერპლის ახლობელი, ნათესავი ან ნაცნობი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
World Health Organization. (2012). Understanding and Addressing Violence Against Women.