ტერმინი წარმოიშვა რომის იმპერიაში მაგისტრატების მიერ ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ გამოყენებული ტოტების კონისაგან („ფასციო“), რომელშიც ჩადებული იყო ნაჯახი (მმართველობის სიმბოლო). ფ. წარმოადგენს მემარჯვენე რადიკალი ნაციონალისტების იდეოლოგიას, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისაკენ. დასავლურ პოლიტიკურ ლიტერატურაში ფ. შეიძლება გაგებული იყოს უკიდურესი ნაციონალიზმის სამხედრო ფორმად, რომელიც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველმხრივ ახალისებდა ომის გაჩაღებას. პირველი ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ევროპაში (1922), იყო იტალიის ფაშისტური ორგანიზაცია მუსოლინის მეთაურობით. მისი მონათესავე მოძრაობები იყო: გერმანიის ნაციონალ–სოციალისტები, ესპანელი ფალანგისტები, მოძრაობა „აქსიონ ფრანზესი“ საფრანგეთში. ფაშისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელია საკუთარი ერის განდიდება და მისი ყველა სხვა ერისაგან გამორჩეულობის, მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება. ამბობენ, რომ წარსულში ეს ერი აყვავებული იყო. ამას მოსდევს თეზისი ამ ერის არსებული მძიმე ეკონომიკურ–პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, რაც სხვა ერების ბოროტი განზრახვითაა გამოწვეული. ხშირად ერის დაკნინება ასოცირებულია რასობრივი სიწმინდის დარღვევასთან. ფაშისტური მოძრაობების განსაკუთრებული აღმავლობის ხანად ორ მსოფლიო ომს შორის არსებული პერიოდი ითვლება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი