ოჯახი არის სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომელის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით. მეცხრამეტე საუკუნეში სოციალური ევოლუციის თეორიის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ პირველყოფილ საზოგადოებებში შეუძლებელი იყო ოჯახის არსებობა. ამის უმთავრესი მიზეზი მათი შეუზღუდავი და უწესრიგო სექსუალური ცხოვრება გახლდათ. ბრონისლავ მალინოვსკი (1913) გაემიჯნა ამ მოსაზრებას და ამტკიცებდა, რომ უწესრიგო სექსუალური ცხოვრება თავისთავად არ ნიშნავდა ოჯახური კავშირების არარსებობას. მალინოვსკის აზრით, ოჯახს ბავშვების აღზრდის ფუნქცია აკისრია, რაც ადამიანთა უნივერსალური საჭიროებაა. მალინოვსკი გამოყოფს ოჯახის სამ მახასიათებელს: (ა) ის საზღვარს ავლებს შინაურ და გარეშე პირებს შორის; შინაურები ზრუნავდნენ ბავშვებზე; (ბ) ეს არის ადგილი, სადაც ოჯახის წევრები ერთად ცხოვრობენ და ზრდიან შვილებს; (გ) ოჯახის წევრებს განსაკუთრებული გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ.
მოგვიანებით ანთროპოლოგებმა ცვლილებები შეიტანეს „ოჯახის“ მალინოვსკისეულ განმარტებაში. მათ გამორიცხეს ოჯახში მამის აუცილებლობა და ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ დედა და მისი შვილები შეიძლება შეადგენდნენ ოჯახს. ფემინისტმა ანთროპოლოგებმა კრიტიკულად გააანალიზეს „ოჯახის“ მალინოვსკის მიერ შემოთავაზებული სამი არსებითი მახასიათებელი და ეჭვქვეშ დააყენეს მათი უნივერსალურობა: (ა) ანთროპოლოგების მოსაზრების საპირისპიროდ, ძირძველი მოსახლეობა შეიძლება არ განასხვავებდეს ოჯახის წევრებს სხვებისგან. უფრო მეტიც, შეიძლება, ბევრ ენაზე არ არსებობდეს სიტყვა, რომელიც აღნიშნავს და აღწერს ოჯახს. მაგალითად, სამხრეთ მექსიკაში მცხოვრები ზინაკანტეკოს (Zinacanteco) ტომს არ აქვს „ოჯახის“ აღმნიშვნელი ტერმინი. (ბ) ზოგიერთ ოჯახს არ გააჩნია საერთო საცხოვრებელი ადგილი. მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებ მუნდურუკუს (Mundurucu) ტომში ქალები სხვა ქალებთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ, მამაკაცები კი - მამაკაცებთან ერთად. დაქორწინებული წყვილებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ერთმანეთს მხოლოდ კოიტუსისთვის ხვდებიან. (გ) არც განსაკუთრებული გრძნობებია ოჯახის უნივერსალური მახასიათებელი. ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახის წევრები ერთმანეთისგან განსაკუთრებულ სიყვარულსა და სითბოს ნაკლებად მოელიან. პირიქით, დედასა და შვილს შორის დაძაბული და ცივი ურთიერთობა ბუნებრივი მოვლენაა ზამბიასა და ინდიელთა ერთ-ერთ ტომში - შაიენებთან (Cheyenne).
ფემინიზმის სხვადასხვა მიმდინარეობა სხვადასხვაგვარად განიხილავს ოჯახის ინსტიტუტს. ლიბერალური ფემინიზმი ოჯახში წარმოქმნილ ბარიერებზე ამახვილებს ყურადღებას; რადიკალური ფემინიზმი ოჯახს პატრიარქატის განსხეულებად მიიჩნევს; მარქსისტულ-სოციალისტური ფემინიზმი ოჯახს განიხილავს, როგორც ეკნომიკურ ერთეულს, რომელიც პატრიარქატთანაა დაკავშირებული და კაპიტალისტურ სისტემას ემსახურება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Collier, Jane F., Michelle Z. Rosaldo, and Sylvia Yanagisako. (1982). Is There a Family?: Anthropological Views. In Thorne, B. & Yalom, M. (eds), Rethinking the Family: Some Feminist Questions. New York: Longman.