სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი და არაკანონიერი შეცვლა, რომელიც ხორციელდება სამხედრო, პოლიციური თუ პარამილიტარისტული დაჯგუფებების გამოყენებით. რევოლუციისაგან განსხვავებით (რომელიც შესაძლოა თავად შეიცავდეს ს.გ–ს როგორც ელემენტს), ს. გ–ის შედეგი ერთი მმართველი დაჯგუფების მეორეთი შეცვლაა ერთი და იმავე პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. რიგ შემთხვევებში ს. გ. შეიძლება ნაკარნახები იყოს არაეფექტური მმართველობის პირობებში მოსალოდნელი მასობრივი არეულობებისა და რევოლუციის საწინააღმდეგო პრევენტული ზომების მიღების აუცილებლობით თავად მმართველი წრეებიდან. ს. გ–ის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა ხელისუფლების ცვლილების ლეგიტიმური და ორგანიზებული შცვლის მექანიზმის არსებობა ქვეყანაში. ამგვარი მექანიზმები კარგა ხანია დამკვიდრებულია განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. შესაბამისად, აქ ს. გ–ის მცდელობები ძალზე იშვიათია. სხვა ვითარება გვაქვს იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არასაკმარისი ლეგიტიმურობით და მოუმწიფებელი პოლიტიკური ინსტიტუტებით, ხოლო მოსახლეობა დაბალი პოლიტიკური კულტურით ხასიათდება. XX ს–ის მეორე ნახევარი განსაკუთრებით „მდიდარი“ იყო ს. გ–ებით სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. ს. გ–ების პრაქტიკა გვიჩვენებს , რომ ხელისუფლების სათავეში მოსული მილიტარისტული ძალები ვერ წყვეტენ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. პირიქით, ბევრ შემთხვევაში, თავად ისინი დგებიან პრობლემის წინაშე, თუ როგორ დაუთმონ მათთვის სასურველი სამოქალაქო პოლიტიკური ძალებს ასპარეზი ისე, რომ არ გამოიწვიონ საზოგადოებრივი ძალების უკურეაქცია „სახელმწიფო დამნაშავეების“ მიმართ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი