პიროვნების ამა თუ იმ სახელმწიფოსადმი პოლიტიკურ-სამართლებრივი მიკუთვნილობა, რის შედეგადაც მასზე ვრცელდება აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობა, ამ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სხვა სახის უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე შესაძლებლობა შესაბამისი საზოგადოებისა და სახელმწიფოს საქმეების მართვაში მონაწილეობის მიღებისა. მ-ის საფუძვლები, ჩვეულებრივ განისაზღვრება ქვეყნის კონსტიტუციითა და სპეციალური კანონმდებლობით. დემოკრატიულ ქვეყნებში მ-ის საფუძვლები ეყრდნობა ამ სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებისა და, უპირველს ყოვლისა, 1948 წლის ადამიანთა უფლებების დეკლარციის აღიარებას. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ნათქვამია: „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებითა და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი