ომის შემდგომი პოლიტიკური მოძრაობა ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ამ მოძრაობის საფუძველი შექმნა კათოლიკური ეკლესიის რეაქციამ ლიბერალიზმსა და კაპიტალიზმზე. ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციამ აიძულა კათოლიკური ეკლესია, რომელიც ჩართული იყო პოლიტიკურ ბატალიებში, საკუთარი ინტერესების დასაცავად დემოკრატიული ფორმები დაეძებნა კათოლიკური ასოციაციების სახით. XIX ს–დან ვატიკანის ძალისხმევით დაიწყო მოქმედების კათოლიკური ჯგუფების შექმნა, რათა ხელი შეეწყო იტალიური სახელმწიფოს აღორძინებისათვის. კათოლიკურმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა უკვე პირველ მსოფლიო ომში მიაღწიეს წარმატებას იტალიასა და გერმანიაში, ხოლო შემდგომში რადიკალურად შეცვალეს თავდაპირველი დაპირისპირება ლიბერალიზმთან და კაპიტალისტური ცხოვრების წესთან და ამჯერად სოციალიზმს დაუპირისპირდნენ. ქრისტიანულ–დემოკარტიულმა პარტიებმა რეალურ წარმატებას მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ხელისუფლების სათავეში ქრისტიან–დემოკრატები მოვიდნენ. ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიების შემდგომი დიდი წარმატება XX ს–ის 80–იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში ისინი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიები, როგორც წესი, იცავენ ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს და ცენტრისტული პოზიციით გამოირჩევიან.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი