საზოგადოების ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც წარმოების საშუალებებზე, ისევე როგორც წარმოებულ პროდუქტზე კერძო საკუთრების პირობებში წარმოებას გააჩნია საზოგადოებრივი ხასიათი. პოლიტიკურ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში ეს ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სხვადასხვა მნიშვნელობით: პირველი, როგორც წარმოების ისტორიულად განსაზღვრული წესი, რომლის დროსაც კაპიტალი წარმოების ძირითადი საშუალებაა. მეორე, როგორც მეწარმეობისაკენ მისწრაფების შერწყმა ანგარიშიანობასა და რაციონალიზმთან, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურ ორგანიზაციაში; შემდეგ – წარმოების ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ბაზარზე. კ. არც მხოლოდ საქონლის ან მხოლოდ ფულის ერთიანობაა და არც მხოლოდ წარმოების საშუალებებისა, არამედ მათი გარკვეული ტიპის სოციალურ ურთიერთობებთან კავშირის იმგვარი ფორმაა, რომელსაც მიზნად კაპიტალის დაგროვება აქვს. ტერმინი კ. მარქსისტებმა გამოიყენეს და მას, მემარცხენე ლიტერატურისაგან განსხვავებით, თითქმის არ იყენებენ ლიბერალები და კონსერვატორები.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი