კაპიტალიზმი (მარქსისტულ თეორიაში) არის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სოციალური ურთიერთობები დაფუძნებულია საქონელგაცვლაზე, კერძოდ, ის ეფუძნება წარმოების საშუალებების კერძო მფლობელობასა და დაქირავებული შრომისგან ზედმეტი ღირებულების ამოღებას. კაპიტალისტური წარმოების წესი, სხვა სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციებისგან განსხვავებით, პროდუქტს, პირველ რიგში, აწარმოებს არა მოთხოვნათა უშუალო დაკმაყოფილებისთვის, არამედ ფულადი მოგებისთვის. კაპიტალისტურ ეკონომიკაში გაცვლა მონეტარულია და არა ბარტერული, როგორც ეს კაპიტალიზმამდელ სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციებს ახასიათებდა, თავად ფული კი უნივერსალური საქონელ-ეკვივალენტია, რომელზეც ყველა საქონელი გადაიცვლება.
მარქსის თეორიის მიხედვით, კაპიტალიზმი შინაგანად წარმოშობს წინააღმდეგობებს, რაც იმას ემყარება, რომ კაპიტალისტთა და მუშათა ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება: პირველი ცდილობს, შრომის ექსპლუატაციის ხარჯზე გაზარდოს მოგების ნორმა, ხოლო მეორე ორგანიზებული ბრძოლით ცდილობს, ექსპლუატაციის ხარისხი შეამციროს.
ზედმეტი ღირებულება კაპიტალისტური წარმოების ქვაკუთხედია, რადგან სწორედ ზედმეტი ღირებულებაა ის, რის გამოც კლასთა შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ის იმ საზოგადოებებში წარმოიქმნება, რომლებიც იმაზე მეტ ღირებულებას აწარმოებენ, ვიდრე არსებობისთვისაა საჭირო. ასეთ საზოგადოებებში ზედმეტი ღირებულება ის ნამატია, რომელსაც კაპიტალისტური კლასი მოგების სახით ითვისებს და ხარჯავს ნებისმიერი მიზნისთვის.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Historical Dictionary of Marxism, David Walker Daniel Gray, The Scarecrow Press, Inc. 2007
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი