ბოლშევიკები და გენდერი (რევოლუციამდელი პერიდი)

Bolsheviks and Gender

ქალების გათავისუფლება ბოლშევიკების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. ბოლშევიკი იდეოლოგები ამ თვალსაზრისით რამდენიმე ასპექტს გამოყოფდნენ: (1) კაპიტალისტური მეურნეობის ნაცვლად კომუნისტური, ანუ საზოგადოებრივი, მეურნეობის შემოღება, რაც გაათავისუფლებდა ქალებს „საოჯახო, ფუქსავატური და წვრილმანი“ შრომისაგან. გარდა ამისა, მეურნეობის ამგვარი ტრანსფორმაცია საშუალებას მისცემდა ქალებს, გამოსულიყვნენ ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე და ჩართულიყვნენ სოციალისტური აღმშენებლობის საქმეში. ქორწინება განიხილებოდა, როგორც ადამიანების ორმხრივ სიყვარულზე დაფუძნებული კავშირი, თავისუფალი იმ მოვალეობებისა და წნეხისაგან, რომელიც ფეოდალური და კაპიტალისტური წყობის ოჯახებში არსებობდა; (2) კულტურული რევოლუცია, რაც გულისხმობდა წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოფხვრას, ქალების პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას, მათ გააქტიურებას სადელეგატო კრებებში ჩართვით ა.შ.; (3) ვინაიდან პროლეტარი ქალები ორმაგად იჩაგრებოდნენ კაპიტალიზმის პირობებში, სოციალისტური სახელმწიფოს ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო მათი პოლიტიკაში ჩაბმა. ლენინის აზრით, სანამ თითოეული მზარეული ქალი ვერ შეძლებდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობას, მანამ სოციალიზმის დამყარებაზე ლაპარაკი შეუძლებელი იქნებოდა.

რევოლუციამდელი ბოლშევიკური პარტიის მოწინავე რიგებში გაცილებით ნაკლები ქალი იყო, ვიდრე მამაკაცი. თებერვლის რევოლუციის დამდეგს 28000 „ძველი ბოლშევიკიდან“ მხოლოდ 2500 იყო ქალი. აქტიური ქალი ლიდერები კი, როგორც წესი, მუშათა კლასის რიგებს არ მიეკუთვნებოდნენ. როდესაც ქარხნებში მუშა ქალების რიცხვი გაიზარდა, ბოლშევიკებმა მეტი ყურადღება მიაპყრეს ქალთა საკითხს. მაგალითად, 1912 წელს მუშა ქალებმა ხმა აიმაღლეს ქარხნებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. მაგრამ რევოლუციამდე ბოლშევიკები მაინც არ ცდილობდნენ მეტი ქალის რეკრუტირებას და ჩართვას პარტიის საქმეებში და, განსაკუთრებით, წამყვან პოზიციებზე. 1917 წლის კონგრესის დროსაც 171 დელეგატიდან მხოლოდ 10 იყო ქალი. თუმცა ლენინის მხარდამჭერ ქალთა რიცხვი დიდი იყო. რევოლუციამდელი ბოლშევიკები, მათ შორის ბოლშევიკი ქალებიც, ეწინააღმდეგებოდნენ ქალთა ავტონომიურ მოძრაობას ნებისმიერი სახით. მაგალითად, ბოლშევიკური პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ვერა ზასულიჩი, ქალთა განცალკევებული შეხვედრების წინააღმდეგი იყო. ალექსანდრა კოლონტაი თავდაპირველად პარტიის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც მხარს უჭერდა ასეთ შეხვედრებს. ინესა არმანდმა, ნადეჟდა კრუპსკაიამ და სხვა ბოლშევიკმა ქალებმა დააარსეს ჟურნალი „რაბოტნიცა“, რომელიც აშუქებდა ქალთა აქტივობებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

„ჩვენი გზა“, 1924 (7).

Lenin, (1920). On International Woman’s Day.

Lare, R. (2008). Bolshevism, Gender and 21st Century Revolution. Delhi: Aakar Books

კატეგორია: 
ავტორები: