უილიამ ტომპსონის (1775-1833) წინგი „მოწოდება ქალების სახელით“ (სრული სათაური: „მოწოდება ადამიანთა მოდგმის ერთი ნახევრის, ქალების, სახელით, წინააღმდეგ მეორე ნახევრის - კაცების - პრეტენზიისა, რომ ისინი პოლიტიკურ და, შესაბამისად, სამოქალაქო და საოჯახო მონობის მდგომარეობაში დატოვონ“, ორიგინალში: Appeal of One Half the Human Race, Women, Against the Pretensions of the Other Half, Men, to Retain Them in Political, and thence in Civil and Domestic Slavery, 1825) იყო პასუხი ჯეიმზ მილის წერილზე „მმართველობის შესახებ“. მილის თანახმად, ქალებს თავიანთი ქმრებისა და მამების ინტერესებისგან განსხვავებული არავითარი ინტერესები არ გააჩნიათ და ამიტომ მათთვის ზედმეტია დამოუკიდებელი პოლიტიკური რეპრეზენტაცია. ტომპსონი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური განსხვავებები არ უნდა გახდეს პოლიტიკური უფლებების საწინააღმდეგო არგუმენტი, რადგან ქალებს ისეთივე ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, როგორიც კაცებს. ტომპსონი თვლიდა, რომ თანასწორობას აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს, როცა საერთო საკუთრება კერძო საკუთრებას ჩაანაცვლებს. ამგვარად, მას ქალთა ჩაგვრა კაპიტალიზმის შედეგად მიაჩნდა. მისი აზრით, კერძო საკუთრების პირობებში მხოლოდ ფორმალური თანასწორობის მიღწევა შეიძლება. უილიამ ტომპსონი ასევე აღნიშნავს კაცების ეგოიზმის წვლილს ქალების დაქვემდებარებაში. ის ამტკიცებდა, რომ ქმარი ცოლზე დომინირებისთვის არა მხოლოდ სამართლებრივ და ფიზიკურ ძალას იყენებს, არამედ ქალის გონების დამორჩილებასაც ცდილობს. ტომპსონის ფემინისტური იდეების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ანა ვილერთან მეგობრობამ; „მოწოდებასაც“ ტომპსონი თავისი და ვილერის ერთობლივი მუშაობის ნაყოფად აცხადებდა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Gardner, C.V. (2006). Historical Dictionary of Feminist Philosophy.