ანდრეა დვორკინი (1946-2005) ამერიკელი რადიკალი ფემინისტი და მწერალი იყო. ის საყოველთაოდ ცნობილია პორნოგრაფიის კრიტიკით, რომელსაც ის გაუპატიურებისა და ქალზე ძალადობის სხვა ფორმების ლეგიტიმაციად მიიჩნევდა. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს დვორკინი ანარქიზმით იყო დაინტერესებული და ომის საწინააღმდეგო გამოსვლებსა და აქტივიზმში მონაწილეობდა. 70-იან და 80-იან წლებში მან სახელი გაითქვა ფემინისტურ ანტიპორნოგრაფიულ მოძრაობაში აქტიური როლით და პორნოგრაფიასა და სექსუალობაზე დაწერილი ესეებითა და წიგნებით. 1974 წელს გამოქვეყნებული მისი წიგნი „ქალის სიძულვილი“ (Woman Hating) სხვადასხვა კულტურული ფენომენის, მათ შორის, ზღაპრების ანალიზის გზით ამხელს კულტურაში ღრმად გამჯდარ მიზოგინიას; 1982 წელს გამოსულ წიგნში „პორნოგრაფია: კაცები ფლობენ ქალებს“ (Pornography: Men Possessing Women) ის ყურადღებას ამახვილებს პორნოგრაფიაზე, როგორც ქალთა სამოქალაქო უფლებების დარღვევაზე.
დვორკინი პორნოგრაფიას გაუპატიურებასთან აიგივებდა. ის ამტკიცებდა, რომ პორნოგრაფია, მის ნებისმიერ გამოვლინებაში, კაცის ეროტიკულ სიამოვნებას აუცილებლად ქალის სხეულის განადგურებასთან აკავშირებს. შესაბამისად, კაცის სექსუალური სურვილის დაკმაყოფილება და სიამოვნება აუცილებლობით მოითხოვს, რომ ქალები, როგორც კლასი, დაქვემდებარებულ პოზიციაში იყვნენ, კაცების სექსუალურ ნებას დემორჩილონ. ამავე დროს, დვორკინი ამტკიცებდა, რომ პორნოგრაფიაში წარმოდგენილი ღირებულებები კაცების ღირებულებებია, თუმცა საზოგადოებაში ისინი უნივერსალურ ღირებულებებად ცხადდება და ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ უშუალოდ გაუპატიურების ან ქალზე ფიზიკური ძალადობის წასახალისებლად და გასამართლებლად, არამედ ისეთ სფეროებშიც, როგორიცა რელიგია, ხელოვნება, ეკონომიკური დისკრიმინაცია და სხვ. შესაბამისად, დვორკინი პორნოგრაფიას არ განიხილავდა ცხოვრებისგან განცალკევებით, არამედ პირიქით, მას გამოხატვის საშუალებად თვლიდა, რომელიც ჰარმონიაშია იმ კულტურასთან, რომელშიც იქმნება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shalvi, A., Andrea Dworkin, 1946-2005.Jewish Women Encyclopedia. Jewish Women Archive. Available at: http://jwa.org/encyclopedia/article/dworkin-andrea
Dworkin A., (2000) Pornography and Grief, in Feminism and Pornography (Oxford Readings in Feminism), ed. by Drucilla Cornell. Oxford University Press, USA, pp. 39-44.