აფრიკული ფემინიზმი ჩამოყალიბდა, როგორც პასუხი სამყაროში გაბატონებულ იმპერიალიზმზე, რასიზმსა და გენდერულ უთანასწორობაზე. აფრიკული ფემინიზმი კრიტიკულად იაზრებს თეთრკანიანი, ბურჟუა ფემინისტების სამოქმედო გეგმასა და ხედვას; აფრიკელი ფემინისტები ყურადღებას ამახვილებენ რასის, კლასის, სქესისა და ეთნიკურობის ურთიერთქმედებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი აფრიკელი ფემინისტი ემიჯნება ტერმინ „ფემინიზმს“ და მის ნაცვლად „ვუმენიზმს“ იყენებს. ეს ტერმინი პირველად ელის უოლკერმა გამოიყენა და ის მრავალმხრივ ჩაგვრას აღნიშნავს.
ევროპული კოლონიზაციის დროს აფრიკაში ქალთა არაერთი მოძრაობა აღმოცენდა. მაგალითად, აბა (Aba) ქალების ომი ნიგერიაში, მაუ მაუს (Mau Mau) მოძრაობა კენიაში, კონო (Kono) ქალების პროტესტი სიერა-ლეონეში და ა.შ. დეკოლონიზაციის პერიოდში აფრიკელი ქალების აქტივიზმი, ძირითადად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობით შემოიფარგლებოდა. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო აფრიკელი ფემინისტების ინტელექტუალური აქტივიზმი; ისინი იკვლევდნენ ქალების როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში კი აფრიკელმა ფემინისტებმა ყურადღება დასავლური ფემინიზმის კრიტიკას მიაპყრეს.
აფრიკელმა ფემინისტებმა დასავლური ფემინიზმი აფრიკისა და აფრიკელი ქალების ნეგატიურად წარმოჩენაში ამხილეს. მათი აზრით, დასავლეთში აფრიკელ ქალებს აღწერენ, როგორც დაბნეულებს, უძლურებს, ჰიპერსექსუალურ ველურებს, მამაკაცების მონა-მორჩილებს. აფრიკელი ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ასეთი განზოგადებები ევროცენტრისტული და რასისტულია. მათ დაიწყეს იმის შესწავლა, თუ რა გავლენა იქონია კოლონიალიზმმა გენდერულ როლებსა და ურთიერთობებზე ადგილობრივი მოსახლეობაში.
ზოგიერთი აფრიკელი ფემინისტი, მაგალითად, სუდარკასა (Sudarkasa) და ნზეგუ (Nzegu), ამტკიცებს, რომ გენდერული იეარარქიები რეალურად კოლონიზაციის გავლენის შედეგად წარმოიშვა, მაშინ, როდესაც კოლონიალიზმის პერიოდში ჩატარებული კვლევები უგულებელყოფდა კოლონიალიზმის ნეგატიურ გავლენას. მოგვიანებით ფემინისტმა, ნეო-მარქსისტმა და პოსტკოლონიალური თეორიის წარმომადგენელმა მკვლევრებმა თანამედროვე აფრიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზების ძებნა ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთის მიერ განხორციელებულ ექსპლუატაციაში დაიწყეს.
აფრიკელი ფემინისტები მიიჩნევენ, რომ აფრიკაში არსებული სოციალური ურთიერთობები კომპლექსურია და არასწორია მათი განხილვა ევოლუციური პარადიგმით, ისეთი დიქოტომიებით, როგორებიცაა საჯარო/კერძო, ბუნება/კულტურა. ფემინისტი მკვლევრების ერთი ჯგუფის აზრით, ის ფაქტი, რომ გვაროვნული ჯგუფები ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე იქმნება და მათი სახით ჩვენ წინაშეა შედარებით ეგალიტარული საზოგადოებრივი წყობა, საეჭვოს ხდის მამაკაცების დომინანტობის უნივერსალურობას. მაგალითად, ისინი მიუთითებენ აფრიკის ზოგიერთ თემში არსებულ მოქნილ გენდერულ ურთიერთობებზე. აფრიკელი ავტორი ოირონკე ოივუმი (Oyeronke Oyewumi) აღნიშნავს, რომ ნიგერიაში ასაკით უფროსობა განსაზღვრავდა ადამიანის ძალაუფლებას, რადგან საზოგადოებრივი იერარქია ისტორიულად განპირობებული იყო არა გენდერით, არამედ ასაკით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.) (2000) Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Norwood, C. (2013). Perspective in Africana Feminism; Exploring expressions of Black Feminism/Womanism in the African Diaspora. Sociology Compass, 7 (3).pp. 225-236.