აფექტური შრომა ფემინისტური და პოსტმარქსისტული ცნებაა, რომელიც აღწერს შრომის ისეთ ტიპს, რომელშიც ემოციური გამოცდილების წარმოება ხდება. აფექტური შრომა ფემინისტურ თეორიებში დაკავშირებულია ქალთა საშინაო უხილავ შრომასთან, რომელსაც პატრიარქალურ ოჯახში ექსკლუზიურად ქალი ეწევა - მაგალითად, ბავშვზე, ქმარზე, ავადმყოფებზე (და არა მხოლოდ მათზე) ზრუნვისას. აფექტური შრომის პოსტმარქსისტული კონცეფცია კი აფექტურ შრომას თანამედროვე კაპიტალიზმისთვის არსებითი არამატერიალური შრომის ერთ-ერთ ქვეკომპონენტად წარმოადგენს. აფექტური შრომა ყველაზე თვალსაჩინოდ დაკავშირებულია ეკონომიკის მომსახურებით სექტორთან, სადაც, მაგალითად, მიმტანი ვალდებულია, მომხმარებელს არა მხოლოდ ხელშესახები პროდუქტი მიაწოდოს, არამედ გაუღიმოს, აჩვენოს დადებითი ემოცია, იყოს კომუნიკაბელური. სერვისზე ორიენტირებულ თანამედროვე ეკონომიკას ხშირად ახასიათებენ, როგორც „ფემინიზებულს“, რადგან მასში იზრდება ისეთი შრომის წილი, რომელსაც ინდუსტრიული ეკონომიკის ეპოქაში ქალები ოჯახურ სივრცეებში აუნაზღაურებლად ასრულებდნენ, საპირისპიროდ მამაკაცური შრომისა, რომელიც საჯარო სფეროს ხილული და ანაზღაურებადი ნაწილი იყო.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Affective Labour, Michael Hardt (boundary 2 26: 2, 1999. Duke University Press)